logo
ENG



"წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი" - 5 თებერვალს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

03 თებ 202417:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/03/efot30fuy9mz0b4.jpg

"წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!" - 5 თებერვალს 19:00 საათზე კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია დააანონსეს.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, თეა წულუკიანს ნდობა არ გამოუცხადონ.

"ის არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი! სახელოვნებო და სამეცნიერო ინსტიტუტების მიზანმიმართული ჩამოშლის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შექმნის, გელათის უნიკალური მხატვრობის შელახვის, ქოროღოს კოშკის განადგურების შემდეგ, სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტების შეჩერებისა და ჩაშლის, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, ოცამდე შრომითი დავის სასამართლოში წაგების, კინოცენტრის, მწერალთა სახლის, კონსერვატორიისა და სამეცნიერო ინსტიტუტების მიტაცების მიუხედავად, 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ მოუსმენს თეა წულუკიანის კულტურის მართვის, სინამდვილეში კი კულტურის ჩამოშლის სტრატეგიას, რათა 8 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოუცხადოს მას ნდობა კულტურის მინისტრის პოსტზე. 

თეა წულუკიანს უნდობლობას უცხადებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები! წულუკიანი ანგრევს ქართულ კულტურას! წულუკიანი არ შეიძლება იყოს კულტურის მინისტრი! კულტურა ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!" - აცხადებენ ორგანიზატორები.

გუშინ, 2 თებერვალს კობახიძემ ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო გეგმა წარუდგინა. მთავრობის განახლებულ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტში 8 თებერვალს განიხილავენ.

 

close დახურვა